პაროდონტოზი თუ პაროდონტიტი
ალბათ მოგისმენიათ, რომ ღრძლების დაავადებას ზოგჯერ “პაროდონტოზს” უწოდებენ. მაინც რომელია სწორი – “პაროდონტიტი” თუ “პაროდონტოზი”?
შეიძლება ისიც გაგიგიათ, რომ მისი “გამომწვევი მიზეზი ქსოვილების სისხლმომარაგების ან კვების დარღვევაა და საჭიროა ღრძილების მასაჟი”;
ან “ეს პათოლოგია ვითარდება რაიმე ზოგადი დაავადების ფონზე და სასწრაფოდ პაციენტის გამოკვლევა და მკურნალობაა საჭირო (მაგალითად: ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის); ან “ვიტამინების ნაკლებობის ბრალია, ამიტომ აუცილებელია ღრძილებში ვიტამინების ინექცია და ა.შ. მიუხედავად აზრთა სიმრავლისა და მკურნალობის მეთოდების სიუხვისა, პაროდონტოზის მკურნალობა ხშირად უშედეგოა. ამიტომაც ხშირად პაციენტები დარწმუნებულნი არიან, რომ ღრძილების დაავადება არაგანკურნებადია.
მაგრამ თუ ვიტამინების ნაკლებობის ან რაიმე ზოგადი დაავადების შედეგად ვითარდება პაროდონტოზი, მაშინ რატომ ხდება ძირითადად (99%ში) ღრძილის ვესტიბულური (გარეთა) ზედაპირის ატროფია? ნუთუ ღრძილის ორალურ (შინგნითა) ან კბილთაშორის ზედაპირზე არ მოქმედებს ზემოთ აღნიშნული ფაქტორები? ან რატომ პროგრესირებს დაავადება თუ მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კორექცია მოხდა?
ევროპასა თუ ამერიკაში დიაგნოზი “პაროდონტოზი” ისტორიის ნაწილად იქცა, რადგან 1989 წ. პაროდონტის დაავადებების პირველი საერთაშორისო კლასიფიკაციის შექმნისას ეს დიაგნოზი უკვე არ არსებობდა, რადგან გასული საუკუნის 70-იან წლებში მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ასეთი დაავადება არ არსებობს. პათოლოგია, სახელად “პაროდონტის დაავადება” პაროდონტიტის (კბილის ირგვლივი ღრძილისა და ძვლის ანთება) გარდა ბევრს სხვადასხვა დაავადებას შეიძლება გულისხმობდეს და ამაზე ინფორმაციას აუცილებლად მოგაწოდებთ ჩვენს მომავალ პოსტებში.