როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი ღრძილების მკურნალობის დასრულების შემდეგ?
პაროდონტოლოგიური მკურნალობის დასრულების შემდეგ ყველა პაციენტი უნდა იყოს ექიმი-პაროდონტოლოგის დაკვირვების ქვეშ, რათა არ მოხდეს პაროდონტიტის რეციდივი ანუ გამეორება. კლინიკური სიტუაციიდან გამომდინარე, პაციენტი პაროდონტოლოგთან განმეორებით ვიზიტზე 3, 6 ან 12 თვეში ერთხელ უნდა მივიდეს, რათა გადამოწმდეს პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენა, პაროდონტის ქსოვილების მდგომარეობა, არ მოხდეს ანთებითი პროცესის ისევ ჩამოყალიბება. ვიზიტზე ტარდება სკეილინგი და ფესვის ინსტრუმენტირება. ეს პროცედურა მკვეთრად განსხვავდება პროფილაქტიკური გაწმენდისგან, რომელსაც თერაპევტი-სტომატოლოგი ატარებს, ღრძილზედა ზონაში მუშაობას ითვალისწინებს და განკუთვნილია იმ პაციენტებისთვის, ვისაც არ აღენიშნება პაროდონტის დაავადება.
პაროდონტოლოგიური გაწმენდის დროს კი პრინციპულად მნიშვნელოვანია ღრძილის ქვეშ, ფესვის ზედაპირის გაწმენდა და სპეციალური პაროდონტოლოგიური ინსტრუმენტებით ნადებისა და ქვების სრულად მოშორება. ამიტომ პაროდონტის დაავადების მქონე პაციენტებს, რომელსაც სპეციალური პროცედურის ნაცვლად პროფილაქტიკური გაწმენდა უტარდებათ თუნდაც რეგულარულად, არ ექნებათ ერთნაირად პოზიტიური შედეგი.
უნდა აღინიშნოს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პაროდონტის დაავადებების მკურნალობის საერთო პრინციპები, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მკურნალობის გეგმა მაინც ინდივიდუალურია.