ენის ლაგამი
ენის ლაგამის არასწორი მიმაგრების დროს რომ მისი კორექციაა საჭირო ალბათ ბევრს გაუგია. ეს მდგომარეობა ჩვილობის პერიოდშივე შესამჩნევი ხდება თუ იგი ხელს უშლის წოვის პროცესს. ასეთ შემთხვევაში ბავშვი ჭირვეულობს, ხშირად წყვეტს კვებას, აწუხებს კოლიკები. მიზეზს ლაქტაციის კონსულტანტი, პედიატრი ან ბავშვთა სტომატოლოგი ადვილად ადგენს და ლაგამის კორექციას ურჩევს.
შედარებით ნაკლებად გამოხატული პათოლოგიის შემთხვევაში, მან შეიძლება თავი იჩინოს უკვე შედარებით დიდ ასაკში, როდესაც მეტყველების დარღვევა ხდება. ვინაიდან ენის ლაგამი წარმოადგენს ლორწოვანის ჭიმს, რომელიც ენას პირის ღრუს ფსკერზე ამაგრებს, მოკლე ლაგამის ან მისი არასწორი მიმაგრების დროს ენის მოძრაობა შეზღუდულია და პიროვნებას უჭირს გარკვეული ბგერების გამოთქმა.
როდესაც ენის ლაგამი ზედმეტად წინ, ქვედა საჭრელი კბილების უკან არის მიმაგრებული, იგი ღრძილის რეცესიის მიზეზი შეიძლება გახდეს. ენის მოძრაობასთან ერთად ლაგამი მუდმივად ქაჩავს ღრძილს და ფესვის გაშიშვლებას იწვევს.
ლაგამის ქირუგიულ კორექციას ფრენექტომია ან ფრენოტომია ეწოდება. იგი შეიძლება ჩატარდეს ტრადიციულად — სკალპელის საშუალებით, ან დენტალური ლაზერის გამოყენებით, რომელიც ბევრად უფრო კომფორტული მეთოდია როგორც ექიმისთვის, ისე პაციენტისთვის.