ასაკი და ღრძილების დაავადება
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ თუ ხარ 30 წელს ზევით, 70%-ით მეტი შანსი გაქვს გქონდეს პაროდონტის რომელიმე დაავადება. ასევე ფაქტია, რომ ზრდასრული ადამიანების 90%-ს აწუხებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ღრძილების შეშუპება, სისხლდენა ღრძილებიდან, რეცესია ანუ “ღრძილების განლევა”, რომლის შედეგადაც კბილის ფესვი შიშვლდება, ცუდი სუნი პირის ღრუდან, კბილების მორყევა და შედეგად მათი დაკარგვაც კი.
ღრძილების დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაიწყოს, თუკი არსებობს რისკ-ფაქტორები. თუ ბევრს ეწევით, ან თუ გაქვთ დიაბეტი, რომელსაც არ ან ვერ აკონტროლებთ, ასეთ შემთხვევაში ღრძილების დაავადება მოზარდობის პერიოდშიც კი შეიძლება დაიწყოს. სხვა შემთხვევებში დაავადების აღმოჩენა უფრო ხშირად შუა ასაკში ხდება, როდესაც კბილის ირგვლივ ძვლის დაშლის შედეგად გამოწვეული მთელი რიგი სიმპტომები სახეზეა — პაროდონტული ჯიბეები, ღრძილების განლევა, კბილების მორყევა და სხვა. თუმცა ეს ყველაფერი წლების განმავლობაში მიმდინარე ქრონიკული პროცესის შედეგია.
სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი რეგულარული ვიზიტები სტომატილოგთან. გეგმიური გაწმენდის ჩატარებისას ასევე ფასდება ღრძილების მდგომარეობა. ადრეულ ეტაპზე პაროდონტის დაავადების აღმოჩენისას იგი სრულად ექვემდებარება მკურნალობას.