ჯანმრთელ ღრძილებს სისხლდენა არ ახასიათებს!
ჯანმრთელ ღრძილებს სისხლდენა არ ახასიათებს. ისეთი სახის გამღიზიანებელი, როგორიცაა მაგარი და უხეში საკვების ღეჭვა, კბილების გახეხვა და ფლოსის გამოყენება ღრძილებისთვის ბუნებრივია და მათ არ აზიანებს, რადგან ღრძილის ზედა ფენას სქელი, კერატინით მდიდარი შემაერთებელი ქსოვილი წარმოადგენს და იგი მჭიდროდ ეკვრის კბილის ფესვს. ღრძილიდან ერთჯერადი სისხლდენის მიზეზი შეიძლება გახდეს მისი მექანიკური დაზიანება, რომელიც ხშირად კვების პროცესს უკავშირდება, მაგრამ თუ სისხლდენას კბილების გახეხვის დროს შენიშნავთ, თუნდაც ცოტას და იშვიათად, ეს ანთების ნიშანია და ღრძილების ჯანმრთელობა საფრთხეშია.
ანთების ყველაზე ხშირი მიზეზი კი არის ბაქტერიები, რომელიც კბილების ირგვლივ დაგროვებულ ნადებსა და ქვებში “ცხოვრობენ”. სხვა მიზეზები შეიძლება იყოს ჰორმონული დისბალანსი პუბერტატულ, ორსულობის ან მენოპაუზის პერიოდში, C და B ჯგუფის ვიტამინების მწვავე დეფიციტი.
ბაქტერიული ნადების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური საშუალებაა პირველ რიგში მისი მოშორება პროფესიული გაწმენდის ჩატარების გზით ექიმი-პაროდონტოლოგის მიერ, შემდეგ კი სწორი ინდივიდუალური ჰიგიენის წესების დაცვა მისი რეკომენდაციების გათვალისწინებით.