პაროდონტის დაავადების კავშირი სტრესთან
უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში პაროდონტოლოგიის სფეროში ჩატარებულმა მრავალმა კვლევამ აჩვენა პაროდონტის დაავადების კავშირი სტრესთან.
ისეთი მულტიფაქტორული დაავადების ეტიოპათოგენეზში, როგორიც პაროდონტიტია, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმისა და გარემო ფაქტორების ურთიერთქმედება. მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიული ნადები მიიჩნევა პაროდონტის დაავადების უშუალო მიზეზად, სხვა ფაქტორები, როგორიცაა მოწევა, ალკოჰოლის გამოყენება, სისტემური დაავადებები, გენეტიკა და სტრესი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დაავადების მიმდინარეობაზე.
სტრესი უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმის დაცვის უნარზე იმუნოსუპრესიული (იმუნიტეტის დაქვეითება) ეფექტის გამო, რაც დაავადების მიმართ ბრძოლის უნარს ამცირებს. მაგალითად, ფსიქოსოციალური სტრესის ფონზე მოწევისა და პათოგენური მიკროფლორის არსებობის პირობებში პაროდონტის დაავადების მძმე მიმდინარეობის ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება. ამიტომ პაროდონტიტის მენეჯმენტის სქემაში სტრესის ფაქტორის გათვალისწინება აუცილებელია.