პაროდონტიტის მკურნალობის პირველი ფაზა
⭕️ პაროდონტიტის მკურნალობის პირველ ფაზაში არაქირურგიული მეთოდები გამოიყენება. ამ დროს ხდება კბილის ნადებისა და ქვების მოშორება, არა მხოლოდ ღრძილს ზევით, არამედ ღრძილქვეშაც, რადგან ისინი პაროდონტულ ჯიბეებშია განლაგებული. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ღრძილზედა ქვების მოშორება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება 2 მიზეზის გამო: ერთის მხრივ გამოდის, რომ დაავადების გამომწვევ მიზეზს ადგილზე ვტოვებთ, თანაც ყველაზე “ცხელ” წერტილში, მეორეს მხრივ ღრძილქვეშა ქვის დატოვებამ შეიძლება პაროდონტული აბსცესის (ჩირქგორვის) განვითარება გამოიწვიოს. არაერთ პაციენტს მოუმართავს ჩივილით, რომ კბილების გაწმენდის პროცედურის ჩატარებიდან რამდენიმე დღეში ღრძილები შემიშუპდა და ამტკივდაო.
⚠️ პაროდონტული ჯიბეებიდან კბილის ნადებისა და ქვების სრულყოფილად მოშორება მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს და უმეტეს შემთხვევაში ადგილობრივი გაუტკივარების ქვეშ ტარდება.
⛔️ მკურნალობის პირველი, არაქირურგიული ფაზის იგნორირება და პირდაპირ ქირურგიულ მეთოდებზე გადასვლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ამ ეტაპზევე ხდება პაციენტისთვის ინდივიდუალური ჰიგიენის საშუალებების შერჩევა და მეთოდების სწავლება. ასევე, პაროდონტიტის რისკ-ფაქტორების შეძლებისდაგვარად აღმოფხვრა. ეს გულისხმობს თერაპიულ, ორთოპედიულ თუ ორთოდონტიულ მკურნალობას, კონსულტაციას სხვადასხვა სპეციალისტთან (ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, ან სხვა) პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.