რა არის პაროდონტი?
ჩვენი გვერდის მიზანია მკითხველს გავაცნოთ პაროდონტის დაავადებები, მისი მიზეზები, სიმპტომები, პროფილაქტიკისა და მკურნალობის გზები. ამისათვის აუცილებლად მიგვაჩნია განვმარტოთ რას წარმოადგენს თავად პაროდონტი.
პაროდონტი – ეს არის ქსოვილების ერთობლიობა: ღრძილი, ალვეოლური ძვალი, კბილის ფესვის ზედაპირის მფარავი დუღაბი და პერიოდონტი, რომელიც დუღაბს მის ირგვლივ არსებულ ძვალთან აკავშირებს.
ღრძილი ფარავს დანარჩენ ქსოვილებს და იცავს მათ ბაქტერიებისა თუ სხვა გარეშე გამღიზიანებლების ზემოქმედებისგან. თუ კბილ-ღრძილოვანი შეერთება რაიმე მიზეზით დაირღვა, ინფექცია ადვილად აღწევს ქვეშმდებარე ქსოვილებში. ალვეოლური ძვალი კი წარმოადგენს იმ მყარ სტრუქტურას, რაც ამაგრებს კბილს ყბის ძვალში და არ აძლევს მას გადაადგილების საშუალებას. თუმცა კბილი უბრალოდ მექანიკურად კი არ “დევს” მისთვის განკუთვნილ ძვლის ღრმულში, არამედ მისი ფესვის ზედაპირი ანუ დუღაბი ძაფებითაა (ანუ იოგოვანი ბოჭკოებით) მიმაგრებული მასთან. უხეშად რომ ვთქვათ, ამ ძაფების გროვას წარმაოდგენს პერიოდონტის ქსოვილი, რომელიც ასევე ამორტიზაციის ფუნქციასაც ასრულებს.
თითოეული ამ ქსოვილის დაავადება, ან არ არსებობა, საფრთხეს უქმნის კბილის სიმყარეს და ფუნქციონალურ მუშაობას. ამიტომ მხოლოდ კბილების ჯანმრთელობას აზრი არ აქვს თუ პაროდონტის ქსოვილები დაავადებულია და ადექვატური ფიქსაცია არ აქვთ მათ, რადგან შეიძლება საღსალამათი კბილი მოირყეს და საბოლოოდ დაიკარგოს კიდეც.